თიბისის საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომა გადადო. მომდევნო სასამართლო პროცესი 25 თებერვალს გაიმართება.

ავთანდილ წერეთელის ადვოკატმა დღეს, 10 თებერვლის სხდომაზე სამედიცინო ცნობა წარადგინა. ბრალდებული საავადმყოფოშია, მისი შვილი, TV პირველი მფლობელი ვატო წერეთელი კი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას "ყოველდღიურ სასამართლო პროცესებს" უკავშირებს.

6 თებერვალს, საღამოს TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვატო წერეთლის თქმით, მან მამა სააბაზანოში, უგუნო მდგომარეობაში იპოვა. მანამდე, ბრალდებული წერეთელი რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას ესწრებოდა.

"დღეს რომ მოვიდა, მითხრა, უეჭველი მიჭერენო, შემდეგ ამბობდა, ცივი ოფლი მასხამსო, შაქარი გაიზომა და აბაზანაში გავიდა", — თქვა ვატო წერეთელმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციას პირდაპირ ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძე თიბისის საქმეს რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდა. წინა სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლე არევაძე "მიკერძოებულობაში" დაადანაშაულა. მათი თქმით, მოსამართლე საქმეს "ფორსირებულად განიხილავს", რადგან ახლოვდება არჩევნები.

27 აგვისტოს ფულის გათეთრების ხელშეწყობის საქმეში ავთანდილ წერეთელს აღკვეთი ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს. ავთანდილ წერეთელი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, ხოლო ოჯახი მცირე შემოსავალს TV პირველიდან იღებს.