ოსკარების 92-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებმა ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი სამოსით გაიბრწყინეს, თუმცა მათ შორის რამდენიმემ თავისი ჩაცმულობით მნიშვნელოვანი გზავნილიც გაგვიზიარა.

მაგალითად, რეჟისორმა სპაიკ ლიმ კობი ბრაიანტის ხსოვნას მიაგო პატივი. ხოლო მსახიობმა ნატალი პორტმანმა ამერიკული კინოაკადემია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, რომ წელსაც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში არცერთი ქალი ხელოვანი არ იყო წარდგენილი.

ფოტო: Jordan Strauss / Invision / AP / Shutterstock

მსახიობს მოსასხამზე იმ რეჟისორი ქალების სახელები ჰქონდა ამოქარგული, რომელთა ფილმებიც გასულ წელს გამოვიდა, თუმცა აკადემიამ არ შეიმჩნია: ლორენ სკაფარია (Hustlers), ლულუ ვანგი (The Farewell), გრეტა გერვიგი (Little Women), მარიელე ჰელერი (A Beautiful Day in the Neighborhood), მელინა მაცუკასი (Queen & Slim), ალმა ჰარელი (Honey Boy), სელინ შიამა (Portrait of a Lady on Fire) და მატი დიოპი (Atlantics).

ფოტო: Getty Images

წლევანდელ დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ მარტინ სკორსეზე (The Irishman), კვენტინ ტარანტინო (Once Upon a Time in Hollywood), ბონგ ჯუნ ჰო (Parasite), სემ მენდესი (1917) და ტოდ ფილიპსი (Joker). ამის გამო ამერიკულ აკადემიას ბევრი აკრიტიკებდა, რომ მხოლოდ რეჟისორი კაცების ნამუშევრებს აფასებს და თუნდაც 6 ნომინაციის მქონე ფილმის, Little Women-ის რეჟისორი, გრეტა გერვიგი არ წარადგინეს მათ გვერდით.

გრეტა გერვიგი 2018 წელს ოსკარებზე ფილმით Lady Bird საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოხვდა და ამით მეხუთე ქალი გახდა, ვინც 92-წლიანი დაჯილდოების ისტორიაში ამ კატეგორიაში წარუდგენიათ.

მას შემდეგ კვლავ არცერთი რეჟისორი ქალი მომხვდარა ფინალისტებს შორის, რის გამოც ხშირად მიიჩნევენ, რომ ოსკარებზე ხელოვან ქალებს სათანადოდ არ აფასებენ.

ამავე თემაზე: