მთავარი არხი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ გიორგი რურუას საკნიდან გამომძიებლებმა დნმ-ისთვის ნივთები ძალის გამოყენებით ამოიღეს. რურუას ტელეკომპანია მთავარის მეწილეა და მას იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.

2020 წლის სამი იანვრით დათარიღებულ ვიდეოში ჩანს, რომ რურუას რამდენიმე ადამიანი აკავებს, რა დროსაც ერთ-ერთი გამომძიებელი საკნიდან იღებს ბალიშის პირს, კბილის ჯაგრისს, თეთრეულსა და პირსახოცს.

როგორც რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ამ კადრებიდან იკვეთება, რომ ოქმი არ შემდგარა და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არ გადაუციათ რაიმე დოკუმენტი.

"აქამდე ჩვენ ვამტკიცებდით, რომ 18 ნოემბერს, გიორგის დაკავების დღეს, გააყალბეს პირადი ჩხრეკის ოქმი და ასეთი ოქმი ადგილზე არ შედგენილა იმიტომ, რომ ასეთი ჩხრეკა არ მომხდარა და პოლიციის შენობაში მოხდა ოქმის შევსება. აქამდე ეს პოზიცია დასტურდებოდა მხოლოდ ლოგიკური არგუმენტებით. ახლა გვაქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სხვა შემთხვევაში, 3 იანვარს პოლიციამ გააკეთა ის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრეტენზიას გამოვთქვამდით", — ამბობს საძაგლიშვილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო განჩინების საფუძველზე აღებული ჰქონდა ნებართვა, რომ თუკი რურუა კვლავ უარს იტყოდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, გამომძიებელს უფლება ექნებოდა დნმ იძულების წესით აეღო.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია, მსგავს შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს ბრალდებულთან შესვლის საშუალება მისცეს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებაში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არ ერევიან, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ბრალდებულს ექნება მცდელობა, რომ დააზიანოს გარშემომყოფები, ან სხვაგვარად დაარღვიოს დაწესებულების რეჟიმი", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღნიშნულ ვიდეოსთან და ძალის გამოყენებით დნმ-ის ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც პასუხს ველოდებით.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.

მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე.

მიმდინარე წლის 15 იანვარს კი გამომძიებელმა განაცხადა, რომ რურუასგან დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით აიღეს.