საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, აშშ-ში შეხვედრებისას თქვა, რომ პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება. მინისტრმა ვაშინგტონში ვიზიტი იმედის ეთერში შეაჯამა. ზალკალიანის თქმით, მას ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კომუნიკაცია აშშ-ში მარშალის ფონდში მრგვალ მაგიდასთან "ექსპერტულ საზოგადოებასთან" ჰქონდა:

"მივაწოდე ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა დიდი მნიშვნელობისაა ეს ჩვენი პროექტი. ასევე, ვთქვი, რომ ის ვალდებულებები ხელისუფლების მხრიდან სრულფასოვნად იყო შესრულებული, განვიხილე ვალდებულება, რომელიც კონსორციუმის მხრიდან ვერ შესრულდა. ასევე, ვთქვი ისიც, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", — ამბობს მინისტრი.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან მიმართა პარტნიორებს, ინვესტიციების ჩასადებად კიდევ უფრო მეტად წახალისდნენ ამერიკული კომპანიები.

საქართველოს მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებისა შეწყვიტის შესახებ 9 იანვარს განაცხადა. ინფტრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტასა და პირგასამტეხლოს, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი ხელშეკრულების მიერ გაწერილ პროცედურებს მიჰყვებიან.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ პროექტზე ერთობლივი მუშაობა 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის პორტი 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა გაშლილიყო და 32 ნავმისადგომი უნდა ჰქონოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ კონსორციუმის ვალდებულებების შესრულება არაერთხელ გადაუვადა. ისინი კონსორციუმს ვალდებულებების შეუსრულებდლობაში ადანაშაულებდნენ მაშინ, როცა კონსორციუმი, პირიქით, მთავრობას ადანაშაულებდა ხელშეშლაში.

კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.

ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია კი "რუსული პოლიტიკის თავიდან აცილებით" ხსნის მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში ანაკლიის კონსორციუმის ჩამოშორებას ეხება.