აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაღალი გამავლობის ახალი მანქანები — ექვსი სპეციალიზებული ტოიოტა ლენდ-კრუიზერი გადასცა. ავტომანქანების გადაცემის ცერემონია დღეს, 8 თებერვალს სწრაფი რეაგირების ბაზაზე გაიმართა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ახალი მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათ მუშაობას და ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს, რთულად მისადგომ ადგილებში.

უწყების ცნობით, ახალი ავტომობილების ნაწილი გადაეცემა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოს, ერთი მანქანა — აჭარაში, ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას და ერთიც — სვანეთში, მესტიის განყოფილებას. აშშ-მა სამაშველო ტექნიკა ქართულ მხარეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადასცა.