მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა. ერთმანეთს დაეჯახნენ პატრულისა და სამოქალაქო პირის მანქანები. შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ფოტოები ფეისბუქმომხმარებელმა ოზალ სოფიევმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაზიანდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რადიო მარნეულმა გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.