თბილისში, ჭავჭავაძის #37-ში, იქ, სადაც დღეს იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. კომპლექსის მშენებლობას შპს დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე გეგმავს. პროექტი თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ბაზაში 2019 წლის 2 დეკემბერს დარეგისტრიდა და განხილვის პროცესშია. კომპლექსის მთავარმა არქიტექტორმა, გიორგი ხმალაძემ On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ მერიისგან უკვე ელოდებიან პოზიციის დაფიქსირებას.

მიწის ნაკვეთზე, სადაც მშენებლობა იგეგმება, საერთო საცხოვრებლის ტიპის შენობებში დღეს დევნილები ცხობროვენ. მშენებელი კომპანია, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ადგილზე მაცხოვრებელ პირებს "ჯანსაღ საცხოვრებელ პირობებს" ჰპირდება.

ტერიტორია, სადაც მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

ფოტო: საპროექტო წინადადება / ურბანული განვითარების სამსახური

ფოტო: საპროექტო წინადადება / ურბანული განვითარების სამსახური

"მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებში ფიქსირებული 53 კერძო პირის გარდა (32 ოჯახი), შენობაში დღეს ცხოვრობენ 30 ისეთი კერძო პირიც (6 იძულებით გადაადგილებული ოჯახი), რომლებსაც არ აქვთ რეგისტრირებული დაკავებული ფართები, თუმცა მათი გამოყვანა დროებითი საცხოვრებლიდან და ბინებით უზრუნველყოფა, ასევე წარმოადგენს განსახორციელებელი პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

ფოტო: ფოტო საპროექტო წინადადებიდან / ურბანული განვითარების სამსახური

მერიის სამსახურის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ფართობი 7 321 მ²-ს შეადგენს. იგი სამი მრავალსართულიანი კოშკისგან შედგება, ხოლო საცხოვრებელი სექტორის ჯამური ფართობი დაახლოებით, 42 050 მ² იქნება. ესკიზის მიხედვით, სამი კოშკიდან ყველაზე მაღალის სიმაღლე 170 მეტრი იქნება, საშუალოსი 126 მ, ხოლო პატარა — 64 მ. არქიტექტორ გიორგი ხმალაძის თქმით, ჯერჯერობით, ესკიზის ეტაპზე, სართულების რაოდენობა დადგენილი არ არის.

ფოტო: ფოტო საპროექტო წინადადებიდან / ურბანული განვითარების სამსახური

ფოტო: ფოტო საპროექტო წინადადებიდან / ურბანული განვითარების სამსახური

პროექტში აღნიშნულია, რომ გამწვანება და სარეკრეაციო ზონა მთელი ტერიტორიის 20 პროცენტი იქნება. საპროექტო დოკუმენტით, სამივე კოშკის გამაერთიანებელი მრავალდონიანი მიწისქვეშა სივრცე კომერციულ და ავტოსადგომებისთვის განკუთვნილ სექტორს დაეთმობა. ამ სივრცის ჯამური ფართობი დაახლოებით 11 559 მ²-ს შეადგენს.