იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე მამუკა ახვლედიანი, რომელიც ბოლო პერიოდში სასამართლოს შიგნით არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას ვახტანგ მჭედილიშვილის გარდა საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. თავად მამუკა ახვლედიანი სხდომას არ ესწრებოდა.

სხდომის მომხსენებელის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, შოთა გეწაძის განცხადებით, ახვლედიანის გადაყენების მიზეზი მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

"როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში შედის",- ამბობს შოთა გეწაძე.

მამუკა ახვლედიანსა და იუსტიციის საბჭოს შორის ურთიერთობა დეკემბრიდან დაიძაბა. მან დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძეს საქმიანობა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების არასწორად დანიშვნამ სერიოზული პრობლემები შექმნა სასამართლო სისტემაში.

იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადებით, 22 თებერვლის სხდომაზე დასახელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ებანოიძეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ამავე კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძეს. მამუკა ახვლედიანი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში რიგით მოსამართლედ გააგრძელებს.