წალკის 35 სოფელს, სადაც 4 601 ოჯახი ცხოვრობს, სასმელად ტექნიკური წყალი მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა გაავრცელა.

აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა, რომ წალკის მოსახლეობის 68,7 პროცენტს წყალი მიეწოდება სხვადასხვა დროს მოწყობილი სისტემებით, რომელთა გამართულ ფუნქციონირებას არავინ ამოწმებს. აღნიშნულ სისტემებზე გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო წყალი არ იწმინდება და მოსახლეობას მიეწოდება ტექნიკური წყალი.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირები აღნიშნავენ, რომ წყლის შემოწმება ერთჯერადად, ახალი ჭაბურღილის გაყვანის დროს ხდება. შესაბამისად, არ არის დადასტურებული სასმელი წყლის უსაფრთხოება და უვნებლობა.

"მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, არ გატარებულა სათანადო ღონისძიებები, მოსახლეობისათვის სასმელად ვარგისი წყლის მისაწოდებლად. აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტს შეეძლო თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი დაგეგმვითა და გამოყენებით, რაც არ განუხორციელებია", — აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.