ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სასმელად უვარგის, ტექნიკურ წყალს აწვდის. ასეთი აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც დღეს, 7 თებერვალს გამოქვეყნდა.

"პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია მის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია", — აღნიშნულია დასკვნაში.

აუდიტორებმა აღმოაჩინეს, რომ მუნიციპალიტეტში (გარდა დაბა ხარაგაულის, ასევე სოფელ დიდვაკის და საღანძილის რამდენიმე ოჯახისა) წყლის გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო მოსახლეობას მიეწოდება გაუფილტრავი წყალი. გარდა ამისა, სოფლებში, გარდა საბავშვო ბაღებისა, ჩატარებული არ აქვს წყლის ხარისხის შესახებ ლაბორატორიული კვლევა. კვლევამ აჩვენა, რომ სამ საბავშვო ბაღში წყალი ნორმებს არ შეესაბამება.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტში წყლის ხარისხი 2017-2019 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა. შედეგების მიხედვით, 2017 წელს აღებული 5 სინჯიდან, დარღვევა გამოვლინდა სამ სოფელში, 2018 წელს — 2 სოფელში, ხოლო 2019წელს — 3 სოფელში.

"ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა ისეთი მიკრობიოლოგიური ორგანიზმები, რომელთა სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია", — განმარტებულია აუდიტის დასკვნაში.