Motorola-ს ახალმა, კეცვადმა Razr-მა თავისი მთავარი ღირსშესანიშნაობა 27 000 გადაკეცვის შემდეგ დაკარგა. ტესტი Cnet-მა თავისი "FoldBot"-ით ჩაატარა. პრობლემები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გუნდმა სმარტფონი დანადგარიდან ამოიღო და მისი გადაკეცვა უკვე ხელით სცადა. როგორც აღმოჩნდა, სმარტფონის დაკეცვა უკვე შეუძლებელი იყო. ძალდატანებით დახურვის შემდეგ მაბრუნი ღერძი მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად კეცვის პრობლემებისა, სმარტფონის ეკრანი მაინც სრულიად უვნებელი დარჩა.

შეიძლება იფიქროთ, რომ 27 000 გადაკეცვა საკმაოდ ბევრია, მაგრამ ადამიანები დღის განმავლობაში თავიანთ ტელეფონს დაახლოებით 80-150-ჯერ ამოწმებენ. ამ სტატისტიკით კი გამოდის, რომ თქვენი Razr დაახლოებით 6 თვიდან 12 თვემდე მუშაობის შემდეგ გაფუჭდება. Motorola-ს განცხადებით კი სმარტფონის მექანიზმმა 2 წელი შეუფერხებლად უნდა იმუშაოს. კომპანია ასევე ერთწლიან გარანტიასაც გთავაზობთ, რომელიც "ნორმალური მოხმარების პირობებში შეძენილ დეფექტებზე" გავრცელდება.

ესაა კეცვადი სმარტფონების გამოსაცდელი მეორე ტესტი, რომელიც Cnet-მა ჩაატარა. პირველი ტესტის გმირი სამსუნგ Galaxy Fold იყო, რომელმაც მოცემულ დავალებას თავი გაცილებით უკეთ გაართვა, ვიდრე მოტოროლას Razr-მა. Samsung-ის ფლაგმანმა 120 000 გადაკეცვას გაუძლო, შემდეგ კი მისი ეკრანი გატყდა. შეიძლება იფიქროთ, რომ გატეხვას ისევ მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა სჯობს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 27 000-სა და 120 000-ს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.