სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ფეხსაცმლებისა და ფორმების მითვისების ბრალდებით თავდაცვის ძალების თანამშრომელი დააკავა. როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, დანაშაულის შედეგად უწყებას 9 882 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბრალდებულმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალების გაცემის-მიღების უწყისებში ყალბი მონაცემები შეიტანა. გამოძიებამ ფორმები და ფეხსაცმელები სხვადასხვა ადგილიდან ამოიღო, მათ შორის თბილისის ე.წ. ნავთლუღის ბაზრობიდან.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებული 2006 წლიდან სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2010 წლიდან ის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების საწყობში ქონების შენახვასა და აღრიცხვაზე იყო პასუხისმგებელი.

ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით გაფლანგავსა და სამსახურებრივ სიყალბეს გულისხმობს.