სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოშოპში დამუშავებული სურათი, რომელშიც ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ასფალტის დაგების პროცესში გზაზე დგას. პოსტის ავტორი წერს, რომ მერმა მიმდინარე სამუშაოებს ვერ მიუსწრო, ამიტომ მერიის თანამშრომლებს სთხოვა, სურათი ფოტოშოპით დაემუშავებინათ და ის პირად გვერდზე ატვირთა. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტი მას შემდეგ წაიშალა, რაც საზოგადოება მიხვდა, რომ ფოტომანიპულაცია იყო.

On.ge ლაგოდეხის მერს დაუკავშირდა და ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ფოტომანიპულაციის გავრცელებას და რა იყო ამის მიზეზი. ის უარს აცხადებს ამ საკითხზე ისაუბროს და ფიქრობს, რომ უმნიშვნელო ამბავმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გადაფარა.

"ეგ არ არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება ან მუნიციპალიტეტის ცხოვრებას, ან მიმდინარე პროექტებს, ან მოსახლეობას, ამიტომ არ ვაკეთებ კომენტარს. თუ რამე დაგაინტერესებთ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო, ნებისმიერი კრიტიკული, მწვავე, შეფასება მოსახლეობასთან ან პროექტებთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ", — განაცხადა მან.

მერისგან განსხვავებით, ლაგოდეხის მერიის პრესსამსახური ადასტურებს, რომ ფოტოშოპით დამუშავებული სურათი მდივნიშვილის პირად გვერდზე აიტვირთა და ამას ტექნიკური ხარვეზით ხსნის. თუმცა პრესსამსახურში არ პასუხობენ კითხვას, ვინ მართავს ამ ფეისბუქგვერდს და როგორ მოხვდა იქ ეს ფოტო.

"სამწუხაროდ, გაიპარა ტექნიკური ხარვეზი. ეს არ იყო მერიის ოფიციალური გვერდი, ბატონი ჯონდოს გვერდი იყო, მერიის თანამშრომლები მერიის გვერდზე არიან პასუხისმგებლები, შესაბამისად კომენტარს ვერ ვაკეთებთ, იყო ხარვეზი და გამოსწორდა", — ამბობს პრესსამსახური.

ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.