ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად, უხანში ექსტრემალური ზომების მიღება დაიწყო. სპეციალური ჯგუფები მოქალაქეების საცხოვრებელი სახლებს ამოწმებენ.

ხუთშაბათს, ჩინეთის მთავრობის ბრძანებით, კორონავირუსით დაავადებულების უზარმაზარ კარანტინებში გადაყვანა დაიწყო. პაციენტების დიდი რიცხვის გამო კარანტინის ზონები საგამოფენო ცენტრებსა და სპორტულ სტადიონებზე მოეწყო.

საავადმყოფოდ გადაკეთებული საგამოფენო ცენტრი

საავადმყოფოდ გადაკეთებული საგამოფენო ცენტრი

ფოტო: Getty Images

დროთა განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ჩინეთი უფრო და უფრო მკაცრ ზომებს იღებს. ამ დროისთვის, კორონავირუსის გამო სიკვდილიანობამ ქალაქში 4,1 პროცენტს მიაღწია, მაშინ, როცა ქვეყანაში ეს რიცხვი საშუალოდ 0,17%-ია.

უხანში მასობრივი უკმაყოფილების და უიმედობის განცდაა. ავადმყოფების დიდი რიცხვის გამო ბევრი პაციენტი მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო დახმარებას იღებს.

ბოლო დროს მიღებული რადიკალური ზომები მიანიშნებს, რომ ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემია საჭირო კონტროლის ქვეშ ვერ მოაქცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, რამაც ჩინეთი ნაწილობრივ პარალიზებული დატოვა.

ჩინეთის ვიცე-პრემიერი სუნ ჩუნლანი უხანს ხუთშაბათს ეწვია. მისი თქმით, ქვეყანა "საომარ მდგომარეობაშია... ამ ომიდან ყველა დეზერტირის სახელი ისტორიის სირცხვილის კედელზე აღმოჩნდება", — განაცხადა ჩუნლანმა.

ვიცე-პრემიერის ბრძანებით, უხანის ექიმები სრულ მობილიზაციაში იმყოფებიან. ვირუსის წყაროების საძიებლად კი ყველა უხანელის სახლის შემოწმება იგეგმება.

უხანიდან მგზავრობის აკრძალვიდან ორ კვირაში, ჰუბეის პროვინციის რამდენიმე ქალაქი კარანტინის ზონაში მოექცა. ამ ზონაში ამჟამად 50 მილიონი ადამიანი იმყოფება, მათ ქალაქებიდან გასვლა ეკრძალებათ.

ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, ამ დროისთვის კორონავირუსმა 636 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 31 161 ადამიანი კი ინფიცირებულია.

მას შემდეგ, რაც ჩინელმა ექიმმა 30 დეკემბერს კორონავირუსის საფრთხის შესახებ განგაშის ატეხვა სცადა, პოლიციამ კი ის დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, ბევრი მოქალაქე ეჭვობს, რომ ჩინეთის მთავრობა "ყველაფერს არ ამბობს".

არაოფიციალურად მოპოვებული სამთავრობო მონაცემების მიხედვით, როგორც ჩანს, კორონავირუსით უამრავი ექიმიც დაინფიცირდა. დაავადების გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების სიმკაცრის გამო, ბევრი შიშობს, რომ ჰუბეიში საჭირო სამედიცინო აპარატურის და მედიკამენტის მიწოდებაც შეფერხებულია

დეზინფექციის სამსახური კუნმინგის მატარებლის სადგურში

დეზინფექციის სამსახური კუნმინგის მატარებლის სადგურში

ფოტო: Reuters

"ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა, რადგან სამკურნალო რესურსის ნაკლებობაა", — ამბობს ჰონგ-ონგის ჩინეთის უნივერსიტეტის პროფესორი ვილი ვო-ლაპ ლამი.

ბევრი უხანელი, რომელიც ეჭვობს, რომ კორონავირუსით არის ინფირცირებული, სათანადო სამედიცინო ყურადღების გარეშეა. ბევრს სპეციალური დამცავი სამოსიც არ აქვს. ასეთ მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე ემურება.

კორონავირუსი ჩინეთის საზღვრებს უკვე დიდი ხანია გასცდა. ცოტა ხნის წინ იაპონიაში, ჩინეთიდან წამოსული საკურიზო გემო გააჩერეს, რადგან რამდენიმე მგზავრს კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდა.

იაპონიაში გაჩერებული გემი, სადაც მგზავრები კარანტინში იმყოფებიან

იაპონიაში გაჩერებული გემი, სადაც მგზავრები კარანტინში იმყოფებიან

ფოტო: Carl Court/Getty Images

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომების მიუხედავად, დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან პაციენტები, რომლებიც იმპროვიზებულ კარანტინის ზონებში აღმოჩდნენ.