ბუნებაში ასეთი დაუწერელი კანონი არსებობს — ყველას უნდა ქონდეს Funko-ს თოჯინა. პოპულარულმა ბრენდმა ყველაფერი მოიცვა, უცნაური ამბებით დაწყებული, ვარსკვლავური ომებით დასრულებული.

კომპანიამ გადაწყვიტა, რომ დიდთვალა თოჯინები კეთილ საქმეს მოახმარონ.

ფუნკოს განცხადებით, მეხანძრე თოჯინების შეზღუდული რაოდენობა გაყიდვაში მალე ჩაეშვება. ფასი დაახლოებით 20 დოლარიდან იწყება და შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაირიცხება. ერთ-ერთ თოჯინას ფეხზე კოალაც კი ჰყავს შემოხვეული.

"ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის პრევენციის სამეფო საზოგადოება (RSPCA) მთავრობასთან, ვეტერინარებთან და ადგილობრივ პოლიციასთან ერთად დაუღალავად მუშაობს, რომ დაზარალებულ ცხოველებს მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ", — განაცხადა ფუნკოს წარმომადგენელმა.

თოჯინები ავსტრალიის მაღაზია PopCultcha-სთან თანამშრომლობით დამზადდა და მარტო მათ საიტზე იყიდება, თუმცა შიფინგი მთელი მსოფლიო მასშტაბით მოქმედებს. გამოწერილ ამანათებს დაახლოებით ივნისისთვის უნდა ელოდოთ.

თუ ავსტრალიის დახმარება გინდა და პატარა დიდთვალა თოჯინები დიდად არ გიზიდავს, შეგიძლია RSPCA-ს საიტზე გააკეთო შემოწირულობა. ავსტრალიას დახმარება ახლა ნამდვილად სჭირდება, რადგან ექსპერტების შეფასებით, ხანძრის დროს დაახლოებით მილიარდობით ცხოველი დაიღუპა და გადარჩენილები შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან.

"როგორც კი ხანძრის კერები კონტროლის ქვეშ იქნება, მაშინ დაიწყება ყველაზე რთული სამუშაო," — წერია განცხადებაში — "ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ჩვენი სამუშაოები რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება".

ამავე თემაზე: