ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. კირკ დაგლასი ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად მიიჩნეოდა.

მამის გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამზე მისმა შვილმა, ასევე, აღიარებულმა მსახიობმა მაიკლ დაგლასმა დაწერა.

"მე და ჩემმა ძმებმა დიდი მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ დღეს კირკ დაგლასმა დაგვტოვა 103 წლის ასაკში. მსოფლიოსთვის ის იყო კინემატოგრაფიის ოქროს ხანის ლეგენდა, რომელმაც ოქროს წლებამდე იცოცხლა, ჰუმანისტი... მაგრამ ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ის უბრალოდ მამა იყო", — წერს მაიკლ დაგლასი.

კირკ დაგლასმა 80-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა ტუზი სახელოში (1951), ცუდი და ლამაზი (1952), სიცოცხლის ვნება (1956), დიდების ბილიკები (1957). ყველაზე დიდი წარმატება კი მისმა სპარტაკმა (1960) მოუტანა. 1996 წელს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მას საპატიო ოსკარი გადაეცა.