თბილისმა კონკურსში — ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020, მესამე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საქართველოს დედაქალაქი კონკურენციას ისეთ ქალაქებს უწევდა, როგორებიცაა: პარიზი, რეიკიავიკი, პრაღა, რომი, ვენა, მადრიდი და სხვები.

2020 წლის გამარჯვებული საფრანგეთის ქალაქი კოლმარი გახდა, მეორე ადგილი კი ათენმა დაიკავა.

"საქართველოს დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი ტრენდული, როგორიც 2020 წელსაა. თბილისი არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულებისთვის. WOW ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია...თბილისი ამაყობს წარსული და ორიენტირებულია მომავალზე, ახალგაზრდებზე და მომავლის გამოწვევებზე", — წერია საერთაშორისო კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისში სტუმრობისას ყველამ აუცილებლად უნდა ნახოს ქართლის დედა, საიდანაც საუკეთესო ხედი იშლება ქალაქზე. ტურისტული ადგილების ჩამონათვალში, ასევე, მოხვდა მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები და მთაწმინდის პარკი.