ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნით ე.წ. გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მან ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ეუთოს დასკვნა გააცნო.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მას არ აქვს არანაირი წინააღმდეგობა არც საუკეთესო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში თუ სადმე სხვაგან არსებობს. ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი. ანუ ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხანია, საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოგზე", — თქვა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, ეუთო ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ მოდელში მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შეიძლება განხილული იყოს, როგორც საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტი. ეუთოს დასკვნა კი ქართულ ოცნებას "მთავარ არგუმენტს აცლის".

სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ დასკვნაში არის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც ძირითადად ტექნიკური ხასიათი აქვს. ოპოზიცია აპირებს, რომ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს და ამ მოდელს პარლამენტში კენჭი უყაროს.

საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროეტქი 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ეს მოდელი შეუსაბამოა და მას მხარს არ უჭერს. მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით ისევ გრძელდება. ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს, ისინი წერდნენ, რომ ეს მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა.