ქართული ოცნების დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია მინიმუმ 65-70%-ს აიღებს. მისივე თქმით, ამის მოლოდინის საფუძველს წინა არჩევნების შედეგები აძლევს.

"ჩვენს რაიონში დარწმუნებული ვარ, რომ, მინიმუმ, 65-70%-ს დავდებთ. ამ მონაცემებით, წინა არჩევნების და იმის წინა არჩევნების გათვალისწინებით. რა მაძლევს ამის საფუძველს და მაგალითად, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინ მესტიაში მაგალითად, 32 ოჯახური სასტუმრო, დღეს დაახლოებით 700-მდე სასტუმროა სვანეთში", — განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გათვლებით, არჩევნებში ქართულ ოცნებას ყოველი მეორე ამომრჩეველი დაუჭერს მხარს. მისივე თქმით, პარტიის შიდა კვლევები იმის წინაპირობას იძლევა, რომ მმართველი პარტია 2016 წლის შედეგს გაიმეორებს.

უმრავლესობის ლიდერიც, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ოპტიმიზმის საფუძველს წინასაარჩევნო გარემო და ახალი დაპირებები აძლევს.

ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა, რაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ამავე დროს, ქართული ოცნება მათ შეცვლილ საარჩევნო სისტემას სთავაზობს, რომ პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციულად აირჩიონ, ხოლო 50 — მაჟორიტარულად. აღნიშნულ შემოთავაზებას ოპოზიცია არ თანხმდება და ითხოვს, რომ მათ მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული მოდელი მიიღონ.