საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე ამბობს, რომ თავის პოზიციაზე რჩება და ფიქრობს, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. მისი თქმით, ქუჩაში ბავშვების მათხოვრობა ბიზნესადაა გადაქცეული და შიმშილთან კავშირი არ აქვს. უმრავლესობის დეპუტატის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ასევე, არველაძემ შიმშილის მნიშვნელობაც განმარტა და თქვა, რომ შიმშილია, როცა გარკვეულ პერიოდში ადამიანი კვდება, იმიტომ რომ ვერ მიიღო საჭმელი.

"ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით, სიღარიბის, აქედანაა ბევრი პრობლემა გამოწვეული. ქუჩაში რასაც ვხედავ, ეს სულაც არ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენად შიმშილობს ადამიანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თქვენც იცით, გარკვეულ ბიზნესადაა გადაქცეული ბავშვების მათხოვრობა. ბავშვი რომ რაღაცას ითხოვს თქვენ ფიქრობთ, რომ შიმშილობს და იმიტომ ითხოვს?", — განაცხადა არველაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატმა, რევაზ არველაძემ კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ ის ფაქტი, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ. მან პარლამენტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა მას გაეცა პასუხი შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები.

გუშინ, 4 თებერვალს არველაძემ მთავარ არხთან საუბრის დროს თქვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. დეპუტატი, რომელსაც არ სჯერა, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, რამდენიმე ათეული ათასის ღირებულების ქონებას ფლობს.