ექიმის ინფორმაციით, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ის მართვით სუნთქვაზე არის. მისი თქმით, დაშავებულს წელის, გულ-მკერდის, კისრის მალების მოტეხილობა, ტვინში სისხლჩაქცევა და სხვა მრავალჯერადი დაზიანებები აქვს.

დღეს, 5 თებერვალს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი მუშა ადგილზევე გარდაიცვალა.

კომპანიას, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, საქმიანობა შეუჩერეს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის თქმით, კომპანია კუსტარულად დამზადებულ მექანიზმს იყენებდა.

"საქმიანობა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. ამჟამად კომპანიას შეჩერებული აქვს საქმიანობა. კომპანიებმა თავად უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმების დაცვა და სახელმწიფო უზრუნველყოფს შერჩევითი კონტროლით ზედამხედველობა", — განაცხადა ფერაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.