შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პორშემ პირველი ელექტრომობილი 1898 წელს შექმნა.

ფერდინანდ პორშე ელექტრობით თავიდანვე მოხიბლული იყო. მან გადაწყვიტა, რომ მეთუნუქე მამის კვალს არ გაჰყოლოდა, ის 1893 წელს, 18 წლის ასაკში საცხოვრებლად ვენაში გადავიდა და ელექტრობის შესწავლა დაიწყო. 1897 წელი პორშეს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა — მან ეტლების ერთ-ერთ მეწარმესთან ერთად ელექტრომობილის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, ამ დროს იგი სულ რაღაც 22 წლის იყო.

ფოტო: Porsche

ფოტო: Porsche

შედეგად, 1898 წლის 26 ივნისს ვენის ქუჩებში P1 გამოჩნდა. პორშეს იმედი ჰქონდა, რომ სულ მალე სხვა მანქანებსაც შექმნიდა. მოდელის ზედმტესახელიც სწორედ ამაზე მიგვანიშნებს. P1 პორშეს მიერ შექმნილი პირველი მანქანა იყო.

P1-ის უნიკალურობა მხოლოდ მისი ელექტროძრავით არ შემოიფარგლება. 2,2 კილოვატის სიმძლავრის 130-კილოგრამიანი ოქტაგონალური ელექტროძრავა მანქანის უკანა ნაწილში იყო განთავსებული, რაც ხშირად სპორტულ მანქანებს ახასიათებს ხოლმე.

ფოტო: Franziska Kraufmann

P1-ის ელემენტები 500 კგ-ს იწონიდა, მანქანის დანარჩენი ნაწილი კი 860 კგ-ს. 1 360-კილოგრამიანი მანქანის მაქსიმალურ სიჩქარეს საათში 34 მეტრი შეადგენდა. 12-სიჩქარიანი კონტროლერი კი ენერგიას საბურავებს აწვდიდა. 12-დან ექვსი სიჩქარე წინ სვლას, ორი უკან სვლას, დანარჩენი ოთხი კი მუხრუჭებს აკონტროლებდა. დამუხტული ელემენტით P1-ს 80 კილომეტრის დაფარვა შეეძლო. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი ბენზინზე მომუშავე პროტოტიპების შედეგებზე ბევრად კარგი იყო.

პირველმა პორშემ ასევე მისი პირველი რბოლაც მოიგო. 1899 წელს ბერლინში ჩატარებულ რბოლაში 19 ელექტრომობილის მწარმოებელი იღებდა მონაწილეობას. P1-მა კი რბოლა 18 წუთში მოიგო. პორშე მანქანას სამ მგზავრთად ერთად თავად მართავდა.

ჯამში ოთხი P1 დამზადდა, შემდეგ კი პორშემ ლოჰნერთან ერთად Lohner-Porsche Semper Vivus-ზე დაიწყო მუშაობა, რომელიც დღეს პირველი ჰიბრიდული მანქანის სახელითაა ცნობილი.