ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სოციალური პოლიტიკის გადახედვაზე საუბრობს. მინისტრის თქმით, მომავალში სახელმწიფოს მიზანი იქნება მოქალაქეს შეუქმნას დამოუკიდებელი არჩევანის საშუალება და არ გახადოს ის დამოკიდებული სოციალურ დახმარებაზე.

"რამდენადაც სიღარიბის ერთ-ერთი წამყვანი მიზანი უმუშევრობაა, ჩვენი სოციალური პოლიტიკა უნდა გადავიდეს სოციალურად დაუცველი პირების აქტიური დასაქმების პრინციპზე, რომელიც მოქალაქეს გახდის ფინანსურად ბევრად დამოუკიდებელს. დღეს საარსებო შემწეობის მიმღები 46% შრომის უნარიანი პირია. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და შემოსავალი", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში სოციალური აგენტები, რომლებმაც ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უნდა შეაფასონ, სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით აღიჭურვებიან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ოჯახის შეფასების კრიტერიუმებს კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის.

ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის უმთავრესი მიზანი სიღარიბის მიზეზებთან ბრძოლა იქნება და არა მის სიმპტომებთან.