უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დისნეის აქტიურად იწყებს მუშაობას, რომ თავის სტრიმინგ სერვისთვის Disney+ გახმაურებული ანიმაციის, Lilo & Stitch-ის მიხედვით სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღოს.

Lilo & Stitch 2002 წელს გამოსული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციაა, რომელიც ჰავაიში მცხოვრები გოგოსა და კოსმოსიდან შემთხვევით შემოჭრილი უცხოპლანეტელი სტიჩის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს: ლილოს სტიჩის წარმომავლობის შესახებ თავდაპირველად წარმოდგენა არ აქვს, ის "უშნო ძაღლი" ჰგონია და მის მოშინაურებას გადაწყვეტს. სწორედ აქედან იწყება მათი საოცრად საინტერესო, დაძაბული და საფრთხით სავსე თავგადასავალი.

მომავალი ფილმის სცენარის შესახებ ზუსტი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ის ძირითადად სწორედ ანიმაციის სიუჟეტურ ხაზს გაჰყვება. ასევე უცნობია, თუ ვინ იქნება ფილმის რეჟისორი, მაგრამ ვიცით, რომ პროდიუსერები დენ ლინი და ჯონათან აირიკი იქნებიან, რომლებმაც მანამდე ალადინის ახალ ეკრანიზაციაზე იმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ Lilo & Stitch-ის შერეული ტექნოლოგიით გადაიღებენ: ის ნაწილობრივ მხატვრული ფილმის ელემენტებს შეიცავს, ნაწილობრივ კი კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ვიზუალებით იქნება გაჯერებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტიჩის პერსონაჟის გასახმოვანებლად მოლაპარაკებები კრის სანდერსთან მიმდინარეობს, რომელიც ასევე ორიგინალ ანიმაციაში ახმოვანებს ამავე პერსონაჟს.

18 წლის წინ გამოსული ორიგინალი ანიმაცია კინოგაქირავებაში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა დისნეისთვის: $80-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ანიმაციის შემოსავლებმა $273 მილიონს მიაღწია. შესაბამისად, მარტივად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალი ფილმიც ფინანსურად არანაკლებ მომგებიანი აღმოჩნდება კომპანიისთვის.

ბოლო წლებში დისნეიმ აქტიურად დაიწყო თავისი ცნობილი ანიმაციების მიხედვით ფილმების გადაღება: უკვე ვიხილეთ მეფე ლომის, ალადინისა და დამბოს ხელახალი ეკრანიზაციები. წელს კინოთეატრებში კი გამოვა განახლებულ მულანიც, ხოლო უახლოეს წლებში ბემბის, პიტერ პენისა და ლილო&სტიჩის ფილმებსაც ვიხილავთ.