უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ოპტიმიზმის საფუძველს წინასაარჩევნო გარემო და ახალი დაპირებები აძლევს. დღეს, 5 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს.

"ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია გაკეთებულ და გადაკეთებელ საქმეებზე საუბარი, პროგრამაზე საუბარი... თუ რომელიღაცა სოფელში ხედავენ რომ დაპირება შესრულებულია, ის შემდეგ დაპირებასაც დაგვიჯერებს, ამაზე საუბრის საშუალება გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდში. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომლის მიხედვით ვისახავთ გეგმას, რაც 60 პროცენტს უახლოვდება", — თქვა მდინარაძემ.

ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა, რაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ამავე დროს, ქართული ოცნება მათ შეცვლილ საარჩევნო სისტემას სთავაზობს, რომ პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციულად აირჩიონ, ხოლო 50 — მაჟორიტარულად. აღნიშნულ შემოთავაზებას ოპოზიცია არ თანხმდება და ითხოვს, რომ მათ მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული მოდელი მიიღონ.