სისხლში ნანონაწილაკების შეყვანით მომავალში, შესაძლოა, ტვინის დაზიანების მკურნალობა მოხერხდეს. 10 იანვარს გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა ნანოტექნოლოგიებით თაგვებში ტვინის შესიება საგრძნობლად შეამცირეს.

ტვინის შესიება ძირითადად თავის ტრავმის საპასუხო იმუნური რეაქციაა. დაზიანების შემდეგ, ანთებითი რეაქციების შედეგად, ტვინის ქსოვილი მოცულობაში იზრდება, რაც ადამიანებისთვის ხშირად მომაკვდინელებია.

"მონაცემების მიხედვით, ეს ტექნოლოგია [ნანონაწილაკები] უსაფრთხოა და ალბათ ადამიანებზეც იმუშავებს, თუმცა ამის დანამდვილებით თქმა ჯერ ადრეა" — ამბობს კვლევის ავტორი ჯონ კესლერი.

ტვინის დაზიანებისას იმუნური უჯრედები, მაგალითად, მონოციტები, დაზიანების ადგილისკენ მიემართებიან, რათა ანთებითი პასუხი წამოიწყონ. ანთებითი პასუხი კი ხშირად ზედმეტად ძლიერია ხოლმე.

ნანონაწილაკები ერთგვარი "ყურადღების გადამტანები" არიან. იმუნურ სისტემას ჰგონია, რომ სისხლში მოხვედრილი ნანონაწილაკი პათოგენია, ამიტომ მონოციტების ნაწილს მისკენ გზავნის. შესაბამისად, ტვინში ნაკლები იმუნური უჯრედი ხვდება და ანთებაც უფრო "მსუბუქად" მიმდინარეობს.

ტვინის დაზიანების მქონე თაგვები, რომლებსაც ნანონაწილაკებით უმკურნალეს, სხვა თაგვებთან შედარებით ბევრად სწრაფად გამოჯანმრთელდნენ. კვლევაში ნაჩვენებია, რომ თაგვებს, რომლებსაც ნანონაწილაკებით უმკურნალეს, ტვინის დაზიანებული ნაწილი ორჯერ სწრაფად შეუხორცდათ.

კვლევის თანაავტორის, ფორესტ კიევიტის თქმით, თაგვებში ნანონაწილაკების წარმატების მიუხედავად, იგივე მკურნალობა ადამიანებში პირდაპირ არ "ითარგმნება". მისი თქმით, ადამიანებში ნანონაწილაკების გამოყენებამდე ბევრი კვლევაა საჭირო.

ტვინის დაზიანების და ანთების მკურნალობა ზოგადად ძალიან რთულია. კესლერის თქმით, ტვინის შესიების მკურნალობის ეფექტიანი მეთოდები არ არსებობს. ის ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო, ამ კუთხით ახალი შესაძლებლობების გამოჩენა ძალიან სასიხარულოა.