ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარტნიორების განწყობებს არა მათთან ვიზიტები, არამედ ადგილზე გადადგმული ნაბიჯები ცვლის. ამის შესახებ მან, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აშშ-ში სენატორებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კაპანაძე ამბობს, საინტერესოა, რა გარანტიები მისცა ზალკალიანმა სენატორებს, რადგან ორი მთავარი რამ, რაზეც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ, ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაცია და პოლიტიკური დევნაა.

"სენატორებმა შეხვედრის შემდეგ გააკეთეს განცხადება, სადაც თქვეს, რომ მათ გაიმეორეს ის წუხილები, რაც საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით ჰქონდათ. მათ თქვეს, რომ საქართველოსთან კარგი ურთიერთობები უნდათ, იმ განწყობით, რომ ამის საშუალებას საქართველოს ხელისუფლება მისცემს. კომენტარებში დააფიქსირეს, რომ ზალკალიანისგან გარანტიები მიიღეს. ვნახავთ რა გარანტიები მისცა მათ ზალკალიანმა. რამდენად ივანიშვილი ლაპარაკობს მისი პირით", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან სენატში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

როგორც სენატორები ამბობენ, ზალკალიანთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ, გაიმეორეს შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების შესახებ.

29 იანვარს სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. წერილი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნაზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას დემოკრატიული პრინციპები. სენატორები აცხადებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, ორი ქვეყნის პარტნიორობის საკითხი გადაიხედოს.