სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერიალ The Mandalorian-ის მეორე სეზონს წელს, შემოდგომაზე ვიხილავთ — დისნეის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ აიგერმა განაცხადა, რომ ახალი სეზონის პრემიერა ოქტომბერში შედგება.

Star Wars-ის ამ სპინოფი სერიალის პრემიერა გასული წლის 12 ნოემბერს შედგა და დისნეის ახალ სტრიმინგ სერვისს — Disney+ — დიდი პოპულარობა მოუტანა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენმა მაყურებელმა ნახა ეს სერიალი, მაგრამ ის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოუ გასული წლის ერთ-ერთი ჰიტი იყო.

მარტო პატარა იოდას ირგვლივ ატეხილი საყოველთაო აჟიოტაჟი რად ღირს.

როგორც აღმოჩნდა, ასევე გასული წლის მიწურულს გამოსული Star Wars-ის ფრენჩაიზის ფილმი The Rise of Skywalker კინოგაქირავებაში მოსალოდნელზე უფრო ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომაც დისნეი აპირებს, რომ უახლოეს მომავალში მთლიანად სერიალების წარმოებაზე იყო ძირითადად ორიენტირებული.

ამჟამად სატელევიზიო შოუებისა და სტრიმინგ სერვისების აღმავლობის ეპოქა დგას, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ლოგიკურია: 3 თებერვლის მონაცემებით, დისნეის სტრიმინგ სერვისის გამომწერთა რაოდენობამ 28.5 მილიონს მიაღწია.

ეს შედეგები სერიალების ერთგულ მაყურებლებს გარანტიას აძლევს, რომ დისნეი მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან პროდუქტს შემოგვთავაზებს.