2020 წლის 2 თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო სასწავლო კურსები საკვირაო სკოლის ფორმატით.

სკოლა შეიქმნა იმ ახალგაზრდების ხელშესაწყობად, რომელთაც თვითგანვითარების სურვილი აქვთ.

საპილოტე კურსები ორთვიანია და მოიცავს რვა 2-საათიან გაკვეთილს შემდეგ დისციპლინებში:

  • ქართული ლიტერატურა
  • მსოფლიო ლიტერატურა
  • მათემატიკა
  • ფიზიკა
  • ბიოლოგია
  • ეკოლოგია
  • სამოქალაქო განათლება

პიზას (PISA) კვლევის წლევანდელმა შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანა ახალგაზრდებს ვერ აძლევს დროის შესაფერის განათლებას.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა სფეროებში.

ილიაუნის სურს, საკვირაო სკოლით თავისი წვლილი შეიტანოს ამ მდგომარეობის გამოსწორებაში.

"ილიაუნიში დავიწყეთ საკვირაო სკოლა, რომლის მიზანიც არის 14-17 წლის ჩათვლით ახალგაზრდები მოვიწვიოთ სალექციო კურსებზე, რომელსაც წაიკითხავენ ჩვენი პროფესორები სრულად განსხვავებული მიმართულებებით, დაწყებული მათემათიკა-ფიზიკა-ბიოლოგია, დასრულებული პოლიტიკური განათლებითა და ლიტერატურით. მომავალში ვაპირებთ ამ კურსების რაოდენობისა და მიმართულელბების ძალიან სერიოზულ გამრავალფეროვნებას. ჩვენი მიზანია, რომ არაფორმალური განათლებით ხელი შევუწყოთ ფორმალური განათლების გარკვეულ ნაკლოვანებების აღმოფხვრას და ამას განვიხილავთ როგორც სოციალური პასუხიმგებლობის სერიოზულ პროექტად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი არაფორმალური განათლების კერები უფრო და უფრო მეტი იქნება საქართველოში", – განაცხადა ილიაუნის რექტორმა, გიგა ზედანიამ.