ბაღდათში ხანძრის შედეგად ოჯახის დაღუპვის გამო ოპოზიციამ პარლამენტთან აქცია გადადო. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტს მოუწოდა, რომ დღევანდელი სხდომაც გადაიდოს.

ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 4 ბავშვი, ერთი ორსული ქალი და ხანშიშესული ქალი იყო.

"ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კონსულტაციით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქცია, სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ასეთი ენით აღუწერელი ტრაგედიის ფონზე ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა", — განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უგულავა ამბობს, რომ აქციებს ისინი, სავარაუდოდ, ხვალ გააგრძელებენ.

დღეს, 4 თებერვალს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიცია სირცხვილის კორიდორისა და აქციის მოწყობას აპირებდა.