ისეთმა აპლიკაციებმა, როგორიც Tinder-ია, საგრძნობლად გაამარტივა ადამიანების გაცნობის პროცესი. თქვენ ირჩევთ იმ ადამიანს, რომელიც თქვენს გემოვნებაში ჯდება და თუ კი საპირისპირო მხარეც იმავეს იზამს, შეძლებთ, რომ ერთმანეთს მიწეროთ. საბოლოოდ, თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდება, თქვენს რჩეულს რეალურ ცხოვრებაშიც იხილავთ.

თუმცა, როგორც Mashable გვიყვება, ზოგიერთი პროგრამისტისთვის ეს პროცესიც საკმაოდ დამღლელი და დროის მფლანგველი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, მათ ტინდერის ბოტების შექმნა დაიწყეს, რომლებიც მათ მაგივრად არჩევენ პარტნიორს და მეტიც, ელაპარაკებიან მათ.

მონაცემთა სპეციალისტმა ჯეფრი ლიმ შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც მისი ტინდერით დღეში 100 ადამიანს ასვაიპებს. ბოტი თავისით ფიქრობს მოეწონებოდა თუ არა ჯეფრის ეს ადამიანი. ალგორითმი გუგლში ჯეფრის მიერ ნაპოვნი ადამიანების (რომლებიც მას მოეწონა) ფოტოებით ხელმძღვანელობს.

როგორც კი ლი ვინმესთან დაიმეჩება, რაც მისი თქმით, კვირაში დაახლოებით ხუთჯერ ხდება, საუბარს ადამიანთან უკვე ლი აგრძელებს.

"ბოტის შექმნის იდეა ერთი კითხვის შემდეგ მომივიდა — რა არის ჩემი პირადი ცხოვრების გამოსწორების ყველაზე ზარმაცი ხერხი?" — განუცხადა ლიმ Mashable-ს.

ბელგიელმა პროგრამისტმა რობერტ ვინთერსმა ლის ბოტი უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. ლის ბოტს მან GitHub-ზე მიაგნო და მას პატარა დიალოგების წარმოების შესაძლებლობაც დაუმატა. ეს მიდგომა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ვინთერსი ტინდერზე დაბლოკეს.

"გარკვეულ მომენტში ბოტს ერთდროულად 200 ადამიანთან ჰქონდა აქტიური მიმოწერა", — ამბობს Mashable-სთან ინტერვიუში რობერტ ვინთერსი — "მე ვფიქრობ, რომ ტინდერმა ამის შესახებ გაიგო და თავის პლატფორმიდან სწორედ ამიტომ დამბლოკა".