ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, პარტნიორებთან პრობლემები მხოლოდ საუბრებით არ მოგვარდება, თუ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პირადი კონტაქტი და ასეთი ტიპის ვიზიტებმა, შეიძლება, გარკვეული ტიპის როლი შეასრულონ, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა და იმდენად დაზიანებული არის ნდობა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, რომ რაღაცა ნაბიჯებიც თუ არ მოყვა, აი, ამ ვიზიტებს, პირად კონტაქტებს, ძალიანს საეჭვო მგონია ის, რომ პოზიციები რადიკალურად შეიცვალოს", — განაცხადა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თებერვლიდან აშშ-ს კონგრესში რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტია დაგეგმილი. თალაკვაძის თქმით, ამერიკელ კონგრესმენებთან "ინტენსიურ კომუნიკაციას" გამართავენ და პოლიტიკურ კონტექსტზეც "სრულ არგუმენტაციას" მიაწვდიან. გარდა ამისა, გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური ვიზიტით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ეწვევა.

ვიზიტები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა მთავრობას კრიტიკული წერილები გაუგზავნეს. მათი შეშფოთების საფუძელი გახდა პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდება, უზენაეს მოსამართლეების არჩევის პროცესი, საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლა და ა.შ.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც პარლამენტის დეპუტატებმა კრიტიკა კონგრესმენების "პირად ინტერესებსა" და "ცალმხრივ ინფორმაციას" დააბრალეს.

კონგრესმენების/სენატორების კრიტიკა

29 იანვარს, შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. წერილი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივ დევნაზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას დემოკრატიული პრინციპები. სენატორები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, ორი ქვეყნის პარტნიორობის საკითხი გადაიხედოს.

გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:

სენატორებამდე კრიტიკულ წერილებს საქართველოს მთავრობას კონგრესმენები უგზავნიდნენ. ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების, ანაკლიის პორტის საკითხის, დემონსტრანტების დაშლისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას/

გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე: