ყოველწლიურად, დაჯილდოების სეზონზე, არაერთი შესანიშნავი ფილმი რჩება ყურადღების მიღმა. ამ მხრივ არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. The Atlantic-ის ჟურნალისტი, დევიდ სიმსი მიიჩნევს, რომ მიზეზს არაფერი აქვს საერთო ნიჭთან ან ხელოვნებასთნ.

"ვის დააინტერესებს ოჯახის გასაჭირი და სიხარული? ამას არანაირი რეალური მნიშვნელობა არ აქვს", — ამბობს ჯო მარჩი 2019 წელს გამოსული პატარა ქალების ერთ-ერთ ბოლო სცენაში, როცა შიშობს, რომ არავის მოუნდება წაიკითხოს წიგნი, რომელსაც ის თავისი ოჯახის შესახებ წერს. "შეიძლება, ჩვენ იმიტომ არ ვთვლით ამას მნიშვნელოვნად, რომ სხვები არ წერენ ამ თემებზე", — პასუხობს მისი და, ემი. გრეტა გერვიგი, პატარა ქალების რეჟისორი და სცენარის ავტორი, ნაწარმოების დიდი ეკრანისთვის ადაპტაციისას სწორედ იმ კითხვაზე ცდილობდა პასუხის გაცემას, თუ რა ტიპის ხელოვნებაა მეტად აღიარებული და დაფასებული.

როდესაც საკუთარ ფილმის სცენარს ჟურნალ Vanity Fair-ში აანალიზებდა, გერვიგმა თქვა, რომ, მართალია, ის ნერვიულობდა, ემისა და ჯოს ეს დიალოგი ზედმეტად დიდაქტიკური არ გამოსულიყო, — ეს ფილმში ერთ-ერთი ადგილია, რომელიც რეჟისორს წიგნიდან ან ავტორის, ლუიზა მეი ოლკოტის სხვა ნაწერებიდან არ აუღია, — მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან მაინც გადაწყვიტა მისი სცენარში დატოვება. "ვფიქობ, ამბებს შორის იერარქია დღემდე არსებობს", — განაცხადა მან, — "ჩემი აზრით, იერარქიის მწვერვალზე ის ისტორიებია, სადაც მასკულინური ძალადობაა წარმოდგენილი — კაცი კაცის წინააღმდეგ, კაცის ძალადობა ქალზე და ასე შემდეგ. მგონია, თუ ჩვენ მნიშვნელოვნად აღიარებულ ფილმებს, წიგნებსა თუ ისტორიებს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ეს თემა პირდაპირ თუ ირიბად ყველა მათგანში გვხვდება".

გრეტა გერვიგი და დები მარჩების შემრულებელი მსახიობები პატარა ქალების გადასაღებ მოედანზე.

ფოტო: Wilson Webb

როდესაც ოსკარის 2020 წლის ნომინანტები დასახელდა, პატარა ქალები საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მოხვდა, რონანი და პაგი ქალის მთავარი და მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელთა სიებში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად გერვიგი ადაპტირებული სცენარისათვის წარადგინეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ პატარა ქალები საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში არ აღმოჩნდა, იმაზე მიუთითებს, რომ ის მნიშვნელობით მაინც ვერ გაუტოლდა ისეთ ფავორიტებს, როგორებიცაა ჯოკერი, ირლანდიელი, ერთხელ ჰოლივუდში და 1917. ამ კატეგორიაში წარდგენილი ფილმები, — რომელთაგან ზოგი კინოხელოვნების მართლაც შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს, — ყველა კაცებსა და ძალადობაზეა. ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უკვე ათწლეულებია, რაც სწორედ ასეთი ტიპის ფილმები დომინირებენ: გრძელი დრამები მწვავე პრობლემატიკით, ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიები ან ფილმები, რომლებიც კინოწარმოების შესახებ მოგვითხრობენ. სამაგიეროდ, ნომინანტთა სიებში იშვიათად თუ შეხვდებით ჟანრულ ფილმებს, ოჯახურ ისტორიებს და ქალებისა და ფერადკანიანთა პერსპექტივით მოთხრობილ ამბებს.

ოსკარისეული სექსიზმის ობიექტად მხოლოდ გერგვიგის გამოყვანა მართებული არ იქნებოდა. ნომინაციების დასახელების შემდეგ ის ფილმისთვის მიქცეულ ყურადღებას პოზიტიურად გამოეხმაურა: "მონაცემები ცხადყოფს, რომ გეზი სწორი მიმართულებითაა აღებული. უკვე ბევრს მივაღწიეთ და არ უნდა გავჩერდეთ: უნდა გავაგრძელოთ წერა და საქმის კეთება". იმის მიზეზი, თუ რატომ მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სწორედ გერვიგი, როცა საუბარი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ქალების არყოფნაზე კეთდებოდა, ისაა, რომ მას სიაში მოხვედრის რეალური შანსი ჰქონდა. წელს ქალი თუ კაცი რეჟისორების მიერ გადაღებულ მრავალ კარგ ფილმს გაცილებით ცუდი ბედი ეწია. ისინი ან მხოლოდ ერთ-ორ კატეგორიაში წარადგინეს, ან, სულაც, ყურადღების მიღმა დატოვეს.

ამ უგულებელყოფილი ფილმების უმეტესობა არ შეესაბამება პრესტიჟულობის იმ იდეას, რომელსაც ოსკარი უკვე თაობების განმავლობაშია, ერთგულობს. სწორედ მსგავსი შეზღუდული წარმოდგენის ბრალია, რომ სტუდიები დაჯილდოების წინა პერიოდში — ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით — კონკრეტული ტიპის ფილმებს უშვებენ და მათი პიარკამპანიისთვის მილიონობით დოლარს ხარჯავენ. ეს პრაქტიკა ეხმარება ოსკარის წინმსწრებ, ოქროს გლობუსისა და ბაფტას მსგავს გავლენიან დაჯილდოებებს, თავიანთი ნომინაციებისთვის კონკრეტული ფილმები შეარჩიონ, რაც, თავის მხრივ, კინოაკადემიის წევრებს კარნახობს, რომელი ნამუშევრები დასახონ ფავორიტებად. ფილმები, ირლანდიელი და ერთხელ ჰოლივუდში, რომელთაც ერთად 20 ნომინაცია ერგოთ, წლის საუკეთესო ნამუშევართა შორის თავისუფლად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. მიუხედავად ამისა, მასკულინობისა და სისასტიკის ეს ისტორიები კინოაკადემიისთვის არ უნდა იყოს ნამუშევრების ერთადერთი ტიპი, რომლებსაც ყოველწლიურად გამოარჩევენ და აჯილდოებენ.

ერთხელ ამერიკაში ოსკარის ათ ნომინაციაშია წარდგენილი.

ფოტო: Sony Pictures Releasing

აკადემიის წევრებს თავად აქვთ საკმარისი ძალაუფლება იმისთვის, რომ გაამრავალფეროვნონ იმ ფილმების სია, რომლებიც ოსკარისათვის იბრძოლებენ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა, თუ შეწყდებოდა კრიტიკულად აღიარებული, შედარებით მცირებიუჯეტიანი და საავტორო ფილმებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჯილდოების ქველმოქმედებასავით გაცემის პრაქტიკა — როცა ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ფილმები, აკადემიის წევრთა ტრადიციით გამყარებული პოზიციის გამო, ვერასდროს მოხვდებიან ოსკარის ნომინანტთა სიებში.

ამის მაგალითია ჯორდან პილის ჩვენ, რომელმაც რამდენიმე კრიტიკული ჯილდო მოიგო ლუპიტა ნიონგოს ორმაგი როლის შესრულებისთვის, მაგრამ აკადემიის წევრების ყურადღების მიღმა დარჩა. ან გავიხსენოთ ლულუ ვანგის დამშვიდობება, მეტწილად ჩინურენოვანი ოჯახური დრამა, რომელიც აღფრთოვანებით მიიღეს კრიტიკოსებმა და ფინანსურად მომგებიანიც გამოდგა, მაგრამ ოსკარის საუკეთესო სცენარის ნომინანტებს შორისაც კი ვერ მოხვდა (სამაგიეროდ, არ დავიწყებიათ სქემატურად დაწერილი ომის დრამა, 1917). იგივე ბედი ერგო ლორენ სკაფარიას სტრიპტიზიორებს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ R კატეგორიის იყო და 18 წლამდე მოზარდები მის სანახავად არ დაიშვებოდნენ, მაინც მოახერხა, ჰიტი გამხდარიყო. აკადემიამ ფილმში მონაწილე ცნობილ მსახიობს, ჯენიფერ ლოპესსაც კი ვერ გამოუნახა ადგილი მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში. ალბათ თქვენითაც შეამჩნევდით, რომ ამ ფილმებში, კადრშიც და კადრს მიღმაც, ქალები და ფერადკანიანები დგანან. მართლაც, ბრწყინვალე ფილმების უფრო სრული სპექტრის წარმოჩენა ერთ-ერთი გზაა ოსკარის ნომინაციების ბუნებრივად გამრავალფეროვნებისთვის.

წლის ყველაზე პოპულარული ფილმების დიდი ნაწილი, რომელთაც არ ჰქონდათ მთავარ კატეგორიებში მოხვდერის შანსი, კომედიები (ჭკუის კოლოფები, დოლემიტი ჩემი სახელია) საშინელებათა ფილმები (მიდსომარი, შუქურა) ან უცხოენოვანი ფილმებია (ქალის პორტრეტი ცეცხლზე, ტრანზიტი). ეს ის კატეგორიებია, რომლებისთვისაც აკადემია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთავარ ჯილდოებს ვერ იმეტებს ხოლმე. აქვე უნდა ითქვას, რომ სტუდიებს ამ ფილმების უმეტესობა წლის ბოლოს, ანუ იმ პერიოდში, როცა სერიოზული ფილმები გამოდის ხოლმე, არ გამოუშვიათ. დამკვიდრებული სისტემის ეტაპობრივი რეფორმირება აკადემიის გარეთაც საჭიროებს ძალისხმევას: წამყვანმა კრიტიკოსებმა უნდა გააგრძელონ ისეთი ხარისხიანი ნამუშევრების გამოვლენა და დაცვა, რომლებიც შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩნენ. მათ, ვინც ჯილდოების პროგნოზირებას აკეთებს, რეფლექსურად არ უნდა აუარონ გვერდი ჟანრულ ფილმებს. ხოლო სტუდიებს არ უნდა ეშინოდეთ მრავალფეროვანი ფილმების გადაღება, ჩვენება და საოსკარო სეზონის დროს მათი რეკლამირება.

2017 წელს საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ოსკარი მთვარის შუქს გადაეცა.

ფოტო: Chric Pizzello / Invision / AP

საკუთრივ აკადემიაში რეფორმატორულმა ინიციატივებმა, რომლებიც რასობრივი და გენდერული მრავალფეროვნების წარმოჩენისკენაა მიმართული, უკვე გამოიწვია თვალსაჩინო ცვლილებები. მაგალითად, 2017 წელს საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მთვარის შუქის გამარჯვება ნამდვილი სიურპრიზი იყო. მომდევნო წელს ამავე კატეგორიაში გამარჯვებული წყლის ფორმაც სტანდარტული არჩევნისგან შორს იდგა. ამასთან, ზოგი სხვა ნომინანტიც, პილის წადი აქედან და გერვიგის ლედი ბერდის ჩათვლით, ისეთი ფილმების რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებსაც ადრე კინოაკადემია, დიდი ალბათობით, ზედაც არ შეხედავდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პროგრესი სწორხაზოვნად არ მიმდინარეობს და იმავე წელს აკადემიის წევრებმა რჩეულთა შორის ისეთი უღიმღამო ნამუშევრები დაასახელეს, როგორებიცაა მწვანე წიგნი და ბოჰემური რაფსოდია, წელს ნომინირებული მსახიობები კი კულტურული ერთფეროვნებით გამოირჩევიან (თუმცა ბონგ ჯუნ ჰოს ფილმის, პარაზიტის ბევრ მთავარ კატეგორიაში დასახელება ძალიან დამაიმედებელი ნიშანია).

"წერა მოვლენას მნიშვნელობას არ ანიჭებს, ის მხოლოდ ასახავს მას", — ამტკიცებს ჯო პატარა ქალებში, როდესაც ცდილობს, საკუთარი თავი გადაარწმუნოს, რომ ოჯახური გაჭირვებების ამსახველი თავისი ნაწარმოების გამოქვეყნება ღირს. "არ ვიცი. იქნებ, წერამ ის მეტად მნიშვნელოვანი გახადოს", — პასუხობს ემი. თავად გერვიგის ნამუშევარი კი ამტკიცებს, რომ კინოსაც შეუძლია ისტორიის მიერ უგულებელყოფილ ამბებსა და პერსონაჟებს შემატოს მნიშვნელობა. ოსკარის მისიაა, რომ ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები უფრო ფართოდ წარმოაჩინოს და დაარღვიოს ის შემზღუდველი ნორმები, რომლითაც უკვე დიდი ხანია, აფასებს დაჯილდოებაზე წარსადგენ ფილმებს. ამ მოძველებული ხედვის უპირობოდ გაზიარების ნაცვლად, აკადემიის წევრებმა და ჰოლივუდის მთლიანმა ეკოსისტემამ ჭეშმარიტი ხელოვნება და ნიჭი იმის განურჩევლად უნდა აღიაროს, თუ ვის ეკუთვნის ის და რა ტიპის გამოცდილებას გვიზიარებს.