დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით მოსახლეობას სიმშვიდისა და "ნერვების დაწყნარებისკენ" მოუწოდებს. იგი აცხადებს, რომ ყველამ ნორმალური ცხოვრება უნდა გააგრძელოს და მიყვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს:

"პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა. პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს. ყველაფერი, რაც საჭიროა, ზუსტი ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა:

"მნიშვნელოვნად კონტროლდება ყველა მგზავრი ჩინეთიდან. მათ საზღვრებზე უტარდებათ სპეციალური თერმო სკრინინგი".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვირუსი კვლავ განაგრძობს გავრცელებას, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად კი იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საერთაშორისო საგანგებო რეჟიმს განმარტავს როგორც გამორჩეულ შემთხვევას, რომლის დროსაც "დაავადების გლობალური გავრცელება სხვა ქვეყნებისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს" და, შესაძლოა, საჭიროებდეს "კოორდინირებულ საერთაშორისო საპასუხო ქმედებას".

გაიგეთ მეტი: