საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბრექსიტს ისტორიული მნიშვნელობის განგაშის ზარს უწოდებს. ის აცხადებს, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს ახლა როგორც არასდროს სჭირდებათ გაერთიანებული ევროპა, რათა საკუთარი ინტერესები დაიცვან ზესახელმწიფოების, ჩინეთისა და აშშ-ს წინაშე.

"ეს წასვლა შოკისმომგვრელია. ეს ისტორიული მნიშვნელობის განგაშის ზარია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველამ უნდა გაიგონოს, გაიგონოს მთელმა ევროპამ და დაგვაფიქროს", — აცხადებს მაკრონი.

მან გააკრიტიკა "სიცრუე და გაზვიადება", რომელიც 2016 წლის რეფერენდუმის კამპანიის დროს იყო გამოყენებული. მისივე თქმით, "საკუთარი სირთულეების გამო ხშირად ევროპისგან განტევების ვაცი შევქმენით".

"ეს სევდიანი დღეა, მოდით, არ დავმალოთ. მაგრამ ეს ის დღეა, რომელმაც სხვანაირად ფიქრი უნდა დაგვაწყებინოს", — აღნიშნა მაკრონმა.

რეფერენდუმიდან სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, 31 იანვარს, გრინვიჩის დროით საღამოს 11 საათზე დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. ამის შემდეგ იწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, იგივე ტრანზიტული პერიოდი, რა დროსაც ბრიტანეთი გააგრძელებს ევროკავშირის წესების დაცვას და მის ბიუჯეტში ფულის შეტანას.

ფაქტობრივად, გარდამავალ პერიოდში ბრიტანეთის მოქალაქეები ევროკავშირიდან გასვლას ვერც შეიგრძნობენ. თუმცა მნიშვნელოვანი იქნება 2021 წლის პირველი იანვარი, როდესაც ეს პერიოდი დასრულდება და დიდი ბრიტანეთი საბოლოოდ შეწყვეტს ევროკავშირის წესების გათვალისწინებას.

ამავე თემაზე: