ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაშიბრალდებული თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე ამბობს, რომ ოპოზიციის დეპუტატს ხელი არ მოხვედრია და ის სკამებში გადავარდა.

"ჩემი ხელი არ მოხვედრია... იმ მომენტში ვისი ხელი მოხვდა ნამდვილად ვერ დავინახე, მაგრამ როგორც ჩანს კადრებში და თქვენც კარგად ნახავდით, რომ მას ხელი არ აქვს მოხვედრილი, ის გადავარდა სკამებში", — ამბობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი.

სხდომიდან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს ჯერ თავში წამოარტყეს, რის შემდეგ ის ფეხზე წამოდგა, ამ დროს კი მას სახეში დაარტყეს და ის სკამებში გადავარდა, რის შემდეგაც მისი ცემა გაგრძელდა. ამ ინციდენტის დროს ავთანდილ ცინცაძე ხაბეიშვილის გვერდით იჯდა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ქართული ოცნების დეპუტატების მიმართ პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს. დეპუტატებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ჯგუფურ ძალადობაში ედებათ ბრალი.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა "ეს დაიმსახურა".