ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ ძალადობის საქმეზე საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს, აცხადებს, რომ "ვერ გააჩუმებენ". ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბრალი მასაც წაუყენონ. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლას.

"მე მინდა გავუგზავნო გზავნილი ივანიშვილს კალაძეს და ყველას, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, ფიზიკურად ვერ შეძლებთ ჩემს გაჩუმებას. თვალი არა, ენას თუ ამომგლეჯთ, შეიძლება გავჩუმდე", — ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებითვე, პროკურატურა აპირებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე მის წინააღმდეგ აღძრას საქმე. 24 იანვარს ბიუროს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაპირისპირება მოხდა ირაკლი ზარქუასა და ლევან ხაბეიშვილს შორისაც. ზარქუა ირწმუნება, რომ ხაბეიშვილმა მას ხელი დაარტყა.

დღეს, 31 იანვარს საკრებულოს წევრებს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ბრალი წაუყენეს. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა "ეს დაიმსახურა".

გარდა ამისა, მათ გააგრძელეს ხაბეიშვილის დისკრედიტაციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.