ლევან ხაბეიშვილის ცემისთვის ქართული ოცნების დეპუტატებისთვის ბრალის წარდგენის პარალელურად, საგამოძიებო უწყებაში თავად ხაბეიშვილიც დაიბარეს. საქმე ეხება 24 იანვარს ირაკლი ზარქუას მიმართ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტს. ლევან ხაბეიშვილი უკვე შევიდა პოლიციის შენობაში, მანამდე კი ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ არ გამორიცხავს, მასაც წაუყენონ ბრალი.

"24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს, 31 იანვარს საკრებულოს წევრებს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ბრალი წაუყენეს. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა "ეს დაიმსახურა".

გარდა ამისა, მათ გააგრძელეს ხაბეიშვილის დისკრედიტაციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.