24 იანვარს თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე ბრალი წარუდგინეს საკრებულოს წევრებს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას. ბრალი წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პროკურატურის განცხადებით, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში.

24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა "ეს დაიმსახურა".

გარდა ამისა, მათ გააგრძელეს ხაბეიშვილის დისკრედიტაციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.