1998 წელს ძმებმა კოენებმა თავიანთ შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი The Big Lebowski გადაიღეს, რომელმაც თავისი გასაოცარი იუმორით მილიონობით მაყურებელი მოხიბლა.

22 წლის შემდეგ კი კინოთეატრებში ამ ფილმის სპინოფი The Jesus Rolls-ს გამოვა, რომლის რეჟისორი, სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელიც ჯონ ტურტუროა. თუ გადაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ ტურტურო The Big Lebowski-შიც თამაშობს და ხესუს კუინტანას როლს ასრულებს.

სულ ცოტა ხნის წინ ახალი ფილმის პირველი თიზერი გავრცელდა:

The Jesus Rolls-ს ჯონ ტურტურომ 1974 წელს გამოსული ცნობილი ფრანგული კომედიის — Going Places-ის მიხედვით გადაიღო, სადაც მთავარ როლს ჟერარ დეპარდიე ასრულებს. ფილმის თავდაპირველი სახელწოდებაც Going Places იყო, თუმცა შემდეგ შეიცვალა.

ფილმის სიუჟეტი ციხიდან ახლადგამოსულ ხესუსზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ახალ მეგობრებთან ერთად ახალ პრობლემებში ეხვევა. ფილმში ასევე მონაწილეობენ სიუზან სარანდონი, ოდრი ტოტუ და კრისტოფერ უოლკენი.

გასულ წელს The Independent-თან მიცემულ ინტერვიუში, ჯონ ტურტურომ ფილმზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი მომავალი ფილმი უფრო მეტად ორიენტირებული ქალებზე იქნება:

"ეს ფილმი დაგვანახებს, თუ რამდენად სულელები არიან კაცები, ქალები კი გაცილებით ძლიერები. ეს კომედიაა, თუმცა ძალიან ადამიანური კომედია".

ფილმის პრემიერა 2020 წლის ბოლომდე შედგება.