განსაკუთრებით დიდი ოდენობის მარიხუანის კულტივირებასა და შენახვაში ბრალდებულ ავთო მეტრეველს პროკურატურამ შუამდგომლობა გაუფორმა. შუამდგომლობას დათანხმდა ზესტაფონის საქალაქო სასამართლოც. შეთანხმება დღეს, 30 იანვარს გაფორმდა.

"როგორც ვიცი, ლეგალურია, რომ მოწიო და საიდან უნდა მოწიო, თუ არ დათესო. დავთესე აქ, მოვიდნენ და წაიღეს, კი მაქვს ახლა სასამართლოში საქმე", — უთხრა გირჩს ავთო მეტრეველმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე.

დაკავებულს ექვსიდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა საპროცესო შეთანხმებით მას ოთხი წელი პირობითი მსჯავრი და 4 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობდა. მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ნაწილით (მუხლი 265).

გირჩმა ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღო და ახლა უკვე მარიხუანის კულტივირებასა და ფლობაზე სასჯელის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.