იუსტიციის მინისტრი და ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე "შინაარსით დატვირთული" გამოსვლა ჰქონდა. მისივე თქმით, პრეზიდენტის სიტყვის შესაფასებლად "უნარი უნდა გქვონდეს".

როგორც წულუკიანი ამბობს, თავად ევროსაბჭო, პრეზიდენტის იქ ვიზიტს "ძალიან დადებითად და წარმატებულად" აცხადებს.

"თუ ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, როდესაც საქართელოს პრეზიდენტი დგას საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნასთან და გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი და, სხვათაშორის, ძალიან შინაარსით დატვირთული და საინტერესო სიტყვით, ალბათ, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უნარიც, რომ ეს სიტყვა და მისი გამოსვლა ობიექტურად შევაფასოთ. რადგან ის წარმოადგენს თითოეულ ჩვენგანს", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი, ასევე, გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის პასუხს რუსეთის დელეგაციის წევრის კითხვაზე და თქვა, რომ "პრეზიდენტს, შეიძლებოდა ჰქონდა ის ერთადერთი პასუხი, რომელიც მან გასცა".

საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციის ისეთ წევრებს უმასპინძლოს, რომელთაც შესაძლოა ეს კანონი დარღვეული ჰქონდეთ. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის წევრის, ლეონიდ კალაშნიკოვს კითხვაზე პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალს ეხებოდა.

კალაშნიკოვმა ზურაბიშვილს გაზაფხულზე დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით კითხვის დასმისას უთხრა, რომ "საქართველო ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც".