სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ბილი აილიში გრემის წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა, ამერიკის კინოაკადემიამ დააანონსა, რომ 2020 წლის ოსკარებზე ამ ახალგაზრდა მომღერალსაც ვიხილავთ.

ოფიციალურად გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცერემონიაზე მომღერალს განსაკუთრებული წარმოდგენა ექნება.

მანამდე კინოაკადემიამ განაცხადა, რომ 25 იანვარს ავიაკატასტროფაში დაღუპულ ლეგენდარულ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს ოსკარების დაჯილდოებაზე განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. ბილი აილიშის ასევე "განსაკუთრებული წარმოდგენის" დაანონსების შემდეგ კი ფანები ვარაუდობენ, რომ სწორედ აილიში იმღერებს ბრაიანტის ხსოვნის პატივსაცემად.

აღსანიშნავია, რომ 26 იანვარს გამართულ გრემის წლევანდელ დაჯილდოებაზე 18 წლის ამერიკელმა მომღერალმა, ბილი აილიშმა ისტორიული რეკორდი მოხსნა: მან ყველა მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა და ამით ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდა, ვინც ეს გრემის არსებობის ისტორიაში შეძლო.

ფოტო: Rachel Luna / FilmMagic

ოსკარების დაჯილდოება 9 თებერვალს (თბილისის დროით 10 თებერვალს, დილის 5 საათზე) გაიმართება და კინოსამყაროს წლევანდელი გამარჯვებულების ხილვასთან ერთად ბილი აილიშის დოლბის თეატრში მოსმენაც სწორედ მაშინ შეგვეძლება.