დღეს Apple-მა 2020 ფისკალური წლის პირველი კვარტლის (რომელიც 2019 წლის 28 დეკემბერს დასრულდა) შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის თქმით, დაფიქსირებული შემოსავალი კომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალია.

"მოხარული ვართ გამცნოთ, რომ Apple-ს წელს ყველაზე მაღალი კვარტალური შემოსავალი ჰქონდა, რაც iPhone 11-ზე, iPhone-11 Pro-ზე და აქსესუარებზე არსებულმა ძლიერმა მოთხოვნამ განაპირობა", — იუწყება ტიმ კუკი პრეს-რელიზში.

კომპანიაში ელოდნენ, რომ კვარტალური შემოსავალი 88,5 მილიარდიდან, 89,5 მილიარდამდე აშშ დოლარი იქნებოდა, თუმცა ბოლო კვარტალში ეს რიცხვი 91, 8 მილიარდი დოლარი აღმოჩნდა.

კომპანიის რეკორდული შემოსავალი შესაძლებელი ძირითადად ახალი პროდუტების გაყიდვებმა გახადა — iPhone-ის გარდა კომპანიამ გამოუშვა ახალი iPad, Apple Watch და რაც მთავარია, AirPods Pro, რომელსაც განახლებული დიზაინი და აქტიური ხმის ჩახშობის ფუნქცია აქვს.

როგორც ჩანს, საშობაო სეზონმა Apple-ის პროდუქციის გაყიდვებზე კარგად იმოქმედა.

Apple-ს წინ საინტერესო წელი ელის. გავრცელებული არაოფიციალური ცნობებით, კომპანია გაზაფხულისთვის iPhone 9-ის გამოშვებას გეგმავს. ცნობის მიხედვით ახალ ტელეფონს iPhone 8-ის დიზაინი ექნება და კომპანიის ფლაგმანებთან შედარებით, უფრო იაფი იქნება.

მომდევნო თვეებში ახალი iPad Pro-ც გამოვა, რომელსაც არაოფიციალური ცნობების მიხედვით, iPhone 11 Pro-ს კამერა ექნება.