ორგანიზაცია საფარის განცხადებით, მსახიობ ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულ კაცს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამი წლის გამოსაცდელი ვადით. გარდა ამისა, მას სამი წლის განმავლობაში აეკრძალა იარაღის შეძენა და ტარება.

გასული წლის 28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა კაცი, რომელიც ეკა ჩხეიძეს ქორწინებას აიძულებდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბრალდებული მსახიობს თვითმკვლელობით აშანტაჟებდა:

"ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტისას, მან ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა".

საფარი განმარტავს, რომ ეკა ჩხეიძის მიმართ არა მხოლოდ ქორწინების იძულება, არამედ ადევნებაც იყო, რომელიც მის მიმართ წლები მიმდინარეობდა.

"მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი ამერიდებინა ამ კაცისთვის. იმის შიშით, რომ შემთხვევით არ გადამყროდა, სხვა გზით დავდიოდი ხოლმე; იგი ხშირად მაკითხავდა სახლში, ქუჩაში, მეუბნებოდა, ვუყვარდი, სურდა ჩემთან ურთიერთობა, ჩემზე დაქორწინება", — განაცხადა ეკა ჩხეიძემ ჩვენების დროს.

ორგანიზაციის განმარტებით, მათი შუამდგომლობის საფუძველზე ეკა ჩხეიძის ფსიქიკური ტანჯვის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. მათივე თქმით, დაადგინა, რომ დაზარალებული ავლენდა ძალადობის მსხვერპლი ქალისათვის დამახასიათებელ ფსიქო-ტრავმულ ნიშნებს.