პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენების კრიტიკაზე ამბობს, რომ მწვავე კითხვებისა და მწვავე პასუხების გაცემის არასდროს შეშინებია. მისი თქმით, ყოველთვის მზად არიან ყველა კითხვას უპასუხონ.

"საერთოდ, მე ვთვლი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ კითხვებზე დავჯდეთ და ვისაუბროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომელებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყნას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება ჩვენს კოლეგებს აქვთ გარკვეული კითხვისნიშნები, რომელზეც გარწმუნებთ რომ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების, არც მწვავე პასუხების გაცემის არ შეგვშინებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მშვიდად წყნარად, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული", — თქვა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ, 28 იანვარს რესპუბლიკელმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს ხელისუფლებას კორუფციისა და რუსული გავლენის დასრულებისკენ მოუწოდა. მან ბიძინა ივანიშვილი ამერიკული შოუს გმირს, გრაუჩ ოსკარს შეადარა, რომელიც ნაგვის ურნაში ცხოვრობს და უსარგებლო ნივთებს აგროვებს

24 იანვარს საქართველოს მთავრობამ კრიტიკული გზავნილები მიიღო აშშ-ს ორი კონგრესმენისგან. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებს, არჩევნებსა და მედიას.

26 იანვარს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გაასაჯაროვა. მათი თქმით, წერილი სენატორმა გიორგი გახარიას დეკემბრის თვეში გამოუგზავნა. გასაჯაროებულ წერილში სენატორი აღნიშნავს, რომ წარმატებული დემოკრატიული წინსვლასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეშფოთებულია.