პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ კონგრესმენების განცხადებები შეიძლება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასა და მოსკოვს გაუხარდეთ. საუბარია ამერიკელი კონგრესმენებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებენ და კომპანია ფრონტერაზე ზეწოლაზე საუბრობენ.

"არამგონია რომელიმე კონგრესმენი ან რომელიმე საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი არსებობდეს ნებისმიერი ქვეყანაში, რომელსაც არ ესმოდეს, რომ როდესაც საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟზე იხილება, იქ ქვეყნის მიმართ მუქარა არაადეკვატური და არამეგობრულია", — აღნიშნა ვოლსკიმ.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა ქვედა პალატაში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს ამერიკული შოუს გმირს, გრაუჩ ოსკარს ადარებს, რომელიც ნაგვის ურნაში ცხოვრობს და უსარგებლო ნივთებს აგროვებს. ოლსონის თქმით, ივანიშვილიც და გრაუჩ ოსკარიც მარიონეტები არიან, რომლებიც თავიანთ სახლს ანაგვიანებენ.

კონგრესმენი კვლავ შეეხო კომპანია ფრონტერას თემას და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს. ოლსენი მოუწოდებს კოლეგებს, რომ საქართველოს მხარდასაჭერად შემოუერთდნენ.

ფრონტერაზე თავის კრიტიკულ წერილში ისაუბრა კონგრესმენმა მარკვეინ მალინმა.

Frontera Resources ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაა. კომპანია ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ საქართველოში მუშაობა 1997 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოუცხადებიათ, რომ გაზის დიდი მარაგს მიაგნეს, თუმცა ამის დადასტურება ჯერ არ ყოფილა.

ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას 50-პრონეცტიანი წილის მფლობელი სახელმწიფო, კერძოდ კი ნავთობისა და გაზის კორპორაციაა. სახელმწიფო და ფრონტერა ერთმანეთს საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებიან.

24 იანვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პეტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებს, არჩევნებსა და მედიას.