თამაშის წარმდგენი კომპანიის ლაქი სთრიმის თანამშრომლები მე-7 დღეა გაფიცულები არიან და სამუშაო სივრცეს არ ტოვებენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა ანაზღაურება არ აუღიათ და დირექტორთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

"7 დღის წინ პირველად მოვიდა ჩვენთან კომპანიის დირექტორი, გიორგი კაკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია დროებით წყვეტს მუშაობას. ჩვენ გვაქვს 2 თვის, ზოგი თანამშრომლის შემთხვევაში 3 თვის, ანაზღაურება ასაღები. კომპანიის დირექტორი არ წამოვიდა ჩვენთან არანაირ მოლაპარაკებაზე, უფრო სწორად რომ ვთქვა გარანტია იმის, რომ ჩვენ კუთვნილ ანაზღაურებას მივიღებდით არ მოგვცა. პატრულის ძალით შეეცადა გაეთავისუფლებინა შენობა, პატრულმა იმოქმედა კანონის შესაბამისად, რადგან ჩვენ ვიყავით და ვართ დღემდე მოქმედი თანამშრომლები, მათ უარი თქვეს ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანაზე. მოლაპარაკება ვერ შედგა და გიორგი კაკაშვილი არ გამოდის კონტაქტზე", — თქვა კომპანიის თანამშრომელმა სოფო სიმონიშვილმა.

თანამშრომლები ამბობენ, რომ ოფისში არსებული მოძრავი ტექნიკა მათთვის ამ დროისთვის ერთადერთ გარანტიად რჩება. ამ მიზეზით, ისინი არ აპირებენ სამუშაო სივრცე დატოვონ.

ლაქი სთრიმის 70-მდე თანამშრომელს მხარდაჭერას უცხადებს, სოლიდარობის ქსელი, ერთობა 2013 და სოციალური მუშაკების პროფკავშირები. სოლიდარობის ქსელის ადვოკატის თქმით, ისინი მიმართავენ სასამართლოს, სახალხო დამცველსა და შრომის ინსპექციას, რომ საქმის შესწავლა დაიწყოს.