პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, არათუ პარლამენტში, არამედ, დაწესებულებებშიც არ უნდა შეუშვან. ამაზე ვოლსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც მაჩალიკაშვილს თალაკვაძის დადგენილებით პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს. გია ვოლსკის ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია, თუ სასამართლოს რომელ გადაწყვეტილებას გულისხმობდა.

"იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ, სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებშიც არ უნდა შეუშვა ამ პერიოდში, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას", — ამბობს ქართული ოცნების ლიდერი.

დღეს დილით, 29 იანვარს პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაცვამ პარლამენტში არ შეუშვა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა. მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას ბოკუჩავასთან ერთად ცდილობდა, თუმცა დაცვა მხოლოდ დეპუტატის შეშვებას დათანხმდა.

მაჩალიკაშვილი და ბოკუჩავა აპირებდნენ ბრიფინგის გამართვას, რომ პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოეთხოვათ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაჩალიკაშვილი და ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

გუშინ, 28 იანვარს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის საბოლოო ვერსიით, პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს, ეჩვენებინა ხელები. უწყება ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა და ამას ეთანხმება გარდაცვლილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

გამოძიების მტკიცებით, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაიწყო. მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.

2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.