მალხაზ მაჩალიკაშვილი ქართული ოცნებიდან წამოსულ დეპუტატებს სთხოვს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მას შემდეგ გაიმართა, რაც პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს.

სიტყვით გამოსვლისას მაჩალიკიშვილმა მმართველი პარტიიდან წამოსული დეპუტატების სახელები წაიკითხა და მათ პირადად მიმართა.

"ბოდიშს გიხდით, რომ სათითაოდ ქალბატონებითა და ბატონებით ვერ მოგმართეთ და ასე წავიკითხე სია. ძალიან დიდი იმედი მექნება, რომ ამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში მხარს დამიჭერთ და შეიქმნება ეს კომისია იმისთვის, რომ საზოგადოებას პასუხი გავცეთ, რაც მე მინდა, რომ მათ გაიგონ. ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხები, რატომ იქნა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი", — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღეს, 29 იანვარს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა დილიდან პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვებას ითხოვდა. ამ მოთხოვნის გაჟღერებისას იგი უმრავლესობის წევრს, მამუკა მდინარაძეს დაუპირისპირდა. მდინარაძის განცხადებით, არსებობდა "პროვოკაციის საფრთხე" და თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დადგენილების საფუძველზე არ შეუშვეს მაჩალიკაშვილი პარლამენტში.

მანამდე მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დაცვამ არ შეუშვა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა. მაჩალიკაშვილი და ბოკუჩავა ბრიფინგის გამართვას აპირებდნენ, რათა პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოეთხოვათ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაჩალიკაშვილი და ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

28 იანვარს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის საბოლოო ვერსიით, პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს, ეჩვენებინა ხელები. უწყება ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა და ამას ეთანხმება გარდაცვლილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

გამოძიების მტკიცებით, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაიწყო. მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.

2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.